18 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, ხვალ პარლამენტთან საპროტესტო აქცია და პიკეტირება განახლდება

დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის შემდეგ ოპოზიცია უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ამჯერად აკაკი ზოიძის იდეას იწუნებს.

დავით ბაქრაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან პლებისციტზე საუბრის დაწყებას პოლიტიკური თვითგადარჩენის მცდელობად აფასებს. მმართველი გუნდის ოპონენტი უმრავლესობის წევრებს კრიზისიდან გამოსავლის საკუთარ ვერსიას სთავაზობს.

პლებისციტზე მსჯელობა უადგილოდ და არასერიოზულად მიაჩნიათ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". ნიკა მელია, აკაკი ზოიძის ინიციატივას, უმრავლესობის ერთი წევრის მხრიდან პოლიტიკური რეპუტაციის შენარჩუნების კვალიფიკაციას აძლევს.

ეკა ბესელია კი დარწმუნებულია, რომ პლებისციტის იდეა მმართველ გუნდს ეკუთვნის და აკაკი ზოიძემ ის უბრალოდ გაახმოვანა. დამოუკიდებელი დეპუტატისთვის პლებისციტი დაგვიანებულია. ბესელია არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას არასერიოზულად მიიჩნევს.

პლებისციტის იდეა არ მოსწონთ არც არასაპარლამენტო ოპოზიციაში. მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტები ამ შეთავაზებაში "ქართული ოცნების" მხრიდან დროის გაჭიანურების მცდელობას ხედავენ. არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს და მისი იდეის განხილვაც კი დროის დაკარგვად მიაჩნია.

მმართველი გუნდის მხრიდან შეუსრულებელ პირობას ოპოზიცია ერთიან საპროტესტო აქციებს უპირისპირებს. აანონსებენ, რომ პროტესტი პერმანენტული იქნება და კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება.

ოპოზიციონერი ლიდერები ხვალ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ გადაადგილდებიან. აქციის შემდეგ კი პარლამენტის პიკეტირებას დაიწყებენ, რომელიც სამშაბათსაც გაგრძელდება. სამოქმედო გეგმის დეტალები დღეს ტექნიკურ შეხვედრაზე შეათანხმეს.

საპროტესტო აქციების პარალელურად ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზეც მსჯელობს. ოპოზიციურ წრეებში ყველაზე აქტიურად ე.წ. გერმანული მოდელი განიხილება, როგორც ყველაზე მოკლე გზა პროპორციულთან მიახლოვებულ სისტემაზე გადასასვლელად.

დღის ამბები