საოკუპაციო რეჟიმის მუქარას, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან სტუდენტები თბილისში სწავლის შემთხვევაში აფხაზეთში ცხოვრების უფლებას დაკარგავენ და იქ დასაბრუნებლად "ვიზა " დასჭირდებათ, არ ეშინია და ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის დაუფლების გაგრძელებას აპირებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ერთ-ერთი სტუდენტი. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ვინაობის დასახელება და საჯაროდ გამოჩენა არ სურს მისი მშობლებია. ისინი გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ.
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები დარწმუნებულები არიან, რომ მშობლიური სოფლებიდან გაძევების მუქარა პირდაპირ კავშირშია ქართველი მოსახლეობის დევნასთან. პირველი კურსის სტუდენტი იმასაც ამბობს, რომ კარიერული წინსვლისთვის ერთადერთი გზა, ქართულ სასწავლებელში მიღებული ცოდნაა.
გალის რაიონში მცხოვრებ სტუდენტებს, ბინადრობის უფლების წართმევით, დე ფაქტო გამგებელი ემუქრება. ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელი თემურ ნადარაია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ომის დროს ქართველების ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობდა, საცხოვრებელი უფლების შეზღუდვის გარდა, ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებში, ქართული ენის სწავლის საათების შემცირებას მოითხოვს.
სტუდენტების მოტივაციასა და ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის სურვილზე საუბრობენ აფხაზეთის რესურს-ცენტრში. როგორც "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ნანა შონია ამბობს, მუქარის და ზეწოლის მიუხედავად აბიტურიენტები, ყოველწლიურად გამოცდების ჩაბარებას და სასურველ სასწავლებლებში ჩარიცხვას მაინც ახერხებენ.
გალის დე ფაქტო ხელმძღვანელის მუქარას პროვოკაციად აფასებენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი კი ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში აპირებს.
ქართულ სასწავლებლებში მოსახვედრად და გამოცდების ჩასაბარებლად, აბიტურიენტებს ენგურის ხიდზე პრობლემები არაერთხელ შექმნიათ, რამდენიმე მათგანს, მდინარით გადმოსვლაც მოუწია.
ეროვნულ გამოცდების ჩაბარების და სკოლის შემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართულ სასწავლებლებში წელს სულ 339 სტუდენტი ჩაირიცხა.