18 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
საქართველოში წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის ხე შესაძლოა მთლიანად განადგურდეს

ქართული წაბლის უნიკალურ ჯიშს გადაშენება ემუქრება. საჩხერის რაიონში ტყე ფაქტობრივად განადგურებულია. ხის სოკოვანი დაავადების გამო ხეები ხმება, მაგრამ უკვე 33 წელია სატყეო სააგენტოს სანიტარული ღონისძიებები არ ჩაუტარებია.

გამხმარ ხეებს ვერც მოსახლეობა ჭრის, რადგან ამას კანონი კრძალავს. ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ არასამთავრობოებიც.

საქართველოში წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის ხეები ხმება. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალას მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემა მასშტაბურია. სოფლის მიმდებარედ არსებულ ტყეში სანიტარული ჭრა 1987 წლიდან არ განხორციელებულა, რამაც პრობლემა უფრო დაამძიმა.

სოფელი ჭალა წაბლნარითაა გარშემორტყმული. მოსახლეობის ინფორმაციით, ტყეში 800-დან 1000 ტონამდე წაბლის მოსავალს იღებდნენ, რაც მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებლებისთვის შემოსავლის წყარო იყო. დღეს კი საკუთარი თვალით უყურებენ, როგორ ნადგურდება წაბლნარი. ადგილობრივების თქმით, მათ დაზიანებული ხეების მოჭრის უფლებას არსებული კანონი არ აძლევს.

ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" პრობლემის არსებობას ადასტურებს. გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, წაბლის ხეებს ქერქის კიბო აქვს, რომელსაც წაბლის პარაზიტი ენდოტეა იწვევს.

წაბლის ენდოტიური კიბო ჯერ ქერქზე ჩნდება, თანდათანობით მცენარის მერქნის ბოჭკოებს ანადგურებს, რომლებიც ხის მერქანს სიმტკიცესა და სიმაგრეს აძლევს. ამის შემდეგ დაავადება ნიადაგიდან ხის კვებას ბლოკავს, რაც მცენარის ხმობას იწვევს.

როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამბობენ, წაბლის ხის ქერქის კიბო საქართველოში ათწლეულია არსებობს, მათი განმარტებით, პრობლემა ის არის, რომ სანიტარული ჭრის შემდეგ ჯანსაღი ხეები ავადდებოდა. უწყების განმარტებით, ეროვნული სატყეო სააგენტო საკითხის გადაწყვეტას უცხოელ ექსპერტებთან ერთად, თანამედროვე მეთოდებით ცდილობს.

ეროვნულ სატყეო სააგენტოში ირწმუნებიან, რომ უწყება წაბლის ხის კიბოსთან ბრძოლას 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. გარემოს დამცველების განცხადებით კი, თუ პრობლემა დროულად არ გადაიჭრა, შესაძლოა საქართველოში წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის ხე მთლიანად განადგურდეს.

დღის ამბები