საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის აქციაზე დაკავებულების პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მათ შორის ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი არიან.
დაკავებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა სასამართლო პროცესზე საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამ ხუთი თვის განმავლობაში მას სამართალდამცავები და პროკურატურის წარმომადგენლები აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებთან კავშირი დაედასტურებინა.
ბუდაღაშვილის, თამლიანისა და კიდევ ორი პირის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე უკვე 5 თვეა ვერ ახერხებს წარადგინოს ისეთი მოწმეები, რომლებიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებენ.
"ბრალდების მხარეს როგორც სჩვევია ამ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოადგენს მოწმეებს, რომლებსაც პრინციპში არანაირი შემხებლობა უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობასთან არა აქვს. მოვისმენთ ფორმალურად, ასევე დავკითხავთ იმ გარემოებების შესახებ, რაც მათთვის არის ცნობილი," – აცხადებს ადვოკატი ვახტანგ იაშვილი.
სასამართლო პროცესს დღეს ასევე პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ 5 თვის განმავლობაში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ადამიანები პოლიტ პატიმრები არიან. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავას თქმით, დაკავებულებს ადრე თუ გვიან სამართლიანი სასამართლო აუცილებლად გაამართლებს.
"მათი გამოკეტვა ბიძინა ივანიშვილს არ უშველის თავის გადარჩენაში. მისი რეჟიმი დასრულებულია რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა ჰყავდეს დღეს ან ხვალ ივანიშვილს," - განაცხადა თინა ბოკუჩვამ.
დაკავებული ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი ბრალს არ აღიარებენ და უკვე მეხუთე თვეა რაც პატიმრობაში იმყოფებიან.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. პროკურატურა სასამართლოში სამართალდამცველებს წარადგენს.
ექნება თუ არა შუამდგომლობა დაცვის მხარეს ჯერჯერობით უცნობია.