18 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
ბუდაღაშვილი ირწმუნება, რომ მას უგულავას, მელიასა და ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი ზეწოლაზე საუბრობს. ბუდაღაშვილი ირწმუნება, რომ მას გიგი უგულავასა, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

აღნიშნული განცხადება დღეს საქალაქო სასამართლოს დარბაზში გაკეთდა. დაკავებულის განცხადებით, რომ მას გლდანის ციხეში ემუქრებოდნენ. 

დაკავებულის ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს აღნიშნული საქმით დაინტერესდეს. ვახტანგ იაშვილის განცხადებით, ამ საქმის გამოძიება აუცილებელია და დროულად უნდა მოხდეს.

"დღეს ციხეებში გრძელდება არაადამიანური მოპყრობა, დღეს ციხეებში გრძელდება არაადამიანური ზემოქმედება მოწმეებზე და ბევრი სხვა ფაქტები, რომელზეც ჩვენ კიდევ შევიტყობთ ახლო მომავალში," - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

ზურაბ ბუდაღაშვილის დედა შვილების გათავისუფლებას ითხოვს.

"დედისთვის რა არის ამაზე მეტი საშიში, როცა მძევალია ჩემი შვილები, სამივე შვილი მძევალია ჩათვალეთ იმიტომ, რომ სამივე შვილს ემუქრებიან," - განაცხადა მაგული გობეჯიშვილმა.

ერთ-ერთი დაკავებულის ბესიკ თამლიანის დედა კი აცხადებს, რომ მასზე თვალთვალი ხორციელდებოდა და საცხოვრებელი სახლის ეზოში უცხო მანქანები მოძრაობდნენ.

პროკურორის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კი ბუდაღაშვილის ბრალდებები ჩაითვლება შესაბამის არგუმენტად, მაშინ პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას აუცილებლად დაიწყებს.

"ბრალდების მხარე მიიღებს ყველა ზომას, რათა აღნიშნულის თაობაზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება, ამის თაობაზე ასევე სასამართლომ განაცხადა, რომ მიმართავს შესაბამისს ორგანოებს შემდგომი რეაგირების მიზნით," - აცხადებს პროკურორი ვაჟა თოდუა.

დღის ამბები