21 დეკემბერი 2024,   20:49
ვრცლად
რკინის და პოლიციელების კორდონის გადალახვა პარლამენტში მოსახვედრად - შსს-ს დახმარებით ჩატარებული რიგით მესამე სესია

პარლამენტში სხდომა პიკეტირების მცდელობის, სასტვენებისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე უკვე მესამედ ჩატარდა. 

პარლამენტთან შენობის ​პიკეტირებისთვის მისულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომელთაც შენობის მთელ პერიმეტრზე და მიმდებარე ქუჩებზე რკინის ბარიკადები დახვდათ, კოლეგებს სირცხვილის კორიდორი საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოში მოუწყვეს.

დღეს უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება პარლამენტის ეზოში რამდენჯერმე მოხდა. 

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომლის გაჩერებასაც ნიკა მელია შეეცადა, ბექა ოდიშარია იყო. აღნიშნულს პარლამენტის ეზოში მათ შორის შეკამათება მოჰყვა. დეპუტატებმა ერთმანეთს "უნამუსო" ეძახეს.

სიტყვიერი შელაპარაკება "ევროპული საქართველოს" წევრს, ირმა ნადირაშვილსა და ტყიბულის მაჟორიტარს, ელგუჯა გოცირიძეს შორის, რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ოპოზიციას აინტერესებდა,  უქმნის თუ არა უმრავლესობას უხერხულობას სამსახურში სპეცრაზმის თანხლებით სიარული.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ნაწილს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად სამართალდამცველების ცოცხალი ჯაჭვის გავლის, საბუთების შემოწმების და რკინის ბარიკადების გადალახვა დასჭირდა.

სირცხვილის კორიდორის გავლა არ მოუხდათ პარლამენტის ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს. არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე პარლამენტის ეზოში ავტომობილებით შევიდნენ.

ჟურნალისტებთან საუბარს არ მოერიდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც კითხვაზე,  ექმნებათ თუ არა პარლამენტარებს დისკომფორტი არსებული ვითარების გამო, პასუხობდნენ, რომ კრიზისი თავად ხელისუფლებამ შექმნა.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ "ევროპული საქართველო" საპარლამენტო თანამდებობებს და კომიტეტებს ტოვებს. უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წევრებმა პარლამენტს განცხადებით უკვე მიმართეს.

სახელისუფლებო გუნდის წევრები, რომლებმაც სამუშაო სივრცეში მოსახვედრად დაბრკოლებები გადალახეს, დღეს ლიდერებთან ერთად უკვე მათ მხარდამჭერებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს აკრიტიკებდნენ. მათ განცხადებებში ისევ აქტუალურად ისმოდა - "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა.

პარლამენტს სხდომის ჩატარება ძალოვანი უწყებების დახმარებით უკვე მესამედ უწევს. ხვალ მეოთხე სესიაა, რომელიც დღეს დაანონსებული გეგმებით, სავარაუდოდ, ისევ პოლიციის საგანგებო მობილიზაციის ფონზე ჩაივლის.

ამავე თემაზე
დღის ამბები