21 დეკემბერი 2024,   21:00
ვრცლად
პარლამენტის მორიგი პიკეტირება ხვალისთვის დაანონსდა - დააბრუნებს თუ არა პოლიცია დღეს მოხსნილ რკინის ბარიკადებს 

ოპოზიცია პარლამენტის შენობის შემდგომ პიკეტირებას ხვალ დილით, 10 საათიდან გეგმავს. 29 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში ბიურო და პლენარული სხდომაა ჩანიშნული.

დღეს დილისთვის დაანონსებული პიკეტირების ფონზე, სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის ირგვლივ ბარიკადების აგება გვიან ღამით დაიწყეს. გამთენიისას შეკრებილ მოქალაქეებსა და ოპოზიციის ლიდერებს პარლამენტის შენობა სრულად ბლოკირებული დახვდათ. პარლამენტი 8 საათის განმავლობაში იყო ბლოკირებული, თუმცა არა აქციის მონაწილეების, არამედ სამართალდამცველების მიერ.

რკინის დამცავი ბარიკადების გამო პარლამენტთან შეკრებილებს შენობის შესასვლელების პიკეტირების შესაძლებლობა არ მიეცათ, რიგ შემთხვევაში კი ქუჩაზე გადაადგილებაც შეეზღუდათ. პარლამენტთან მიახლოება შეუძლებელი გახდა, ამიტომ აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები დილიდან რამდენიმე ლოკაციაზე განაწილდნენ.

პიკეტირების გეგმის ჩაშლის შემდეგ აქტივისტებმა პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს. მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა რკინის ჯებირების წინ "41-დოლარიანებით" სიმბოლური საზღვარი გაავლეს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. გარდა ამისა, მათ ადგილზე შეშა მიიტანეს, რომლისაც, მათი თქმით, "ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია".

საკანონმდებლო ორგანოს ირგვლივ აღმართულ რკინის ხელოვნურ ბარიკადებზე საღებავებით წარწერების გაკეთების საშუალება აქციის მონაწილეებს პოლიციამ არ მისცა.

ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მისვლას პარლამენტის შენობასთან. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია სირაძეს დაუპირისპირდა და მას ბლოკირებული ქუჩების გახსნისკენ მოუწოდა. 

პროტესტის გამოსახატად აქტივისტები და მოქალაქეები კანცელარიის შენობასთანაც შეიკრიბნენ, სადაც მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დემონსტრანტებს კანონის ფარგლებში მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდა.

დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტებისას სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. დაპირისპირებებისას პოლიციამ რამდენიმე ადამიანი საკანონმდებლო ორგანოს განარიდა.

ცენტრალურ ქუჩებზე ბარიკადების დაშლა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წასვლის შემდეგ დაიწყეს. 

მოქალაქეები აქციის ორგანიზატორებთან და პოლიტიკოსებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან ხვალ დილიდან კვლავ შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები დაანონსებული პიკეტირებისთვის, სამართალდამცველები კი კვლავ ხელოვნური ბარიკადების ასაგებად ემზადებიან.

დღის ამბები