კახა კალაძემ დღეს ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა. პრეზენტაციაზე თბილისის მერმა ფილმი წარმოადგინა, რომელიც ორი წლის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობის საქმიანობას ასახავს. მისი თქმით, დედაქალაქში ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა გამოწვევები და პრობლემები ისევ არსებობს.
ის რაც მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტია, მერიის მთავარი საზრუნავი იყო მიმდინარე წელსაც. კახა კალაძის უწყებამ დღეს მუშაობის ორი წელი შეაჯამა. თბილისის მერმა შედეგები სტუმრებს სპეციალურად მომზადებული ფილმით გააცნო.
ფილმში ყველა ის პროექტი მოხვდა, რომელიც მერიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ შორის უკვე დასრულებულიც და მიმდინარეც. ფილმი ჭავჭავაძის გამზირით იწყება, პროექტით, რომელიც დაპირების მიუხედევად, ჯერ არ დასრულებულა.
კალაძემ 2-წლიან შეჯამებაში გუდიაშვილის მოედანი, კანდელაკის ქუჩა, კახეთის გზატკეცილი, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და ავტოპარკის განახლება მიმოიხილა.
2 წლის შეჯამების გარდა, მერმა მომავალი წლის მთავარ მიმართულებებზეც ისაუბრა.
რაზე დაიხარჯება დამატებითი 300 მილიონი ლარი - დეტალები მედიას ვიცე მერმა გააცნო. ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ მზარდი ბიუჯეტის ფონზე პრიორიტეტები და დედაქალაქის გამოწვევები უცვლელი რჩება.
კახა კალაძეს მუშაობა მოუწონეს ცენტრალურ ხელისუფლებაშიც. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მერიის მუშაობა ეფექტურად შეაფასა.
საკრებულოს ოპოზიცია კალაძის მერობის 2 წლის შეჯამებას არ დასწრებია. "ნაციონალური მოძრაობა" მერს ვადების დარღვევას, უკანონო მშენებლობებს და წელს პრიორიტეტულ მიმართულებაში საგზაო ინფრასტრუქტურაში აუთვისებელ 11 მილიონს საყვედურობს. პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ კახა კალაძეს თავის მოსაწონებელი მიზეზები არ აქვს.
მაშინ, როდესაც თბილისის მერი მუშაობის ორ წელს აჯამებდა, მოძრაობა "შეცვალეს" წევრები მისთვის დისკომფორტის შესაქმენლად შეიკრიბნენ. აქტივისტებმა კახა კალაძეს საჩუქრად პულტიანი სახანძრო და პოლიციის მანქანები მიუტანეს.
პრეზენტაციის მონაწილეებმა და სტუმრებმა სივრცე სამართალდამცველების დერეფნის გავლით დატოვეს. ყველაზე ბოლოს უსაფრთხო დერეფანში თბილისის მერმა გაიარა.