21 დეკემბერი 2024,   21:08
ვრცლად
იმედგაცრუება და დემოკრატიის უკუსვლა - საქართველოში განვითარებული პროცესების გამო ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს

შეშფოთება, იმედგაცრუება და დემოკრატიის უკუსვლა - ევროპარლამენტარები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში რეფორმების შეფერხების რისკებს ხედავს.

"საქართველო არის ახლო და საიმედო პარტნიორი სამეზობლოში. ამიტომაც ჩვენ არ ვხუჭავთ თვალებს, როდესაც ვხედავთ საფრთხეებს. ისევე, როგორც დღეს ვხედავთ კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლის რისკს საქართველოში,"- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

დემოკრატიის უკუსვლა თუ რეფორმების გაგრძელება? - კითხვები საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლებასთან აქვთ.

"ამ ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას სურს, იხილოს დემოკრატია, კეთილდღეობა, ეკონომიკა, რომელიც მუშაობს ხალხისთვის და არა რამდენიმე ოლიგარქისთვის. არსებითი ცვლილებისთვის ჩვენ გვჭირდება ძლიერი მთავრობები, თუმცა ძლიერი მთავრობა არ ნიშნავს ძალაუფლების ქონას კონტროლის გარეშე. შემაშფოთებელია ამ ტენდენციების ხილვა." - აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.

"ევრონესტის" თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა კი საქართველოს დემოკრატიული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და თქვა, რომ თუ არ იქნება დემოკრატია, არ მოხდება ევროინტეგრაცია.

"საქართველოში განვითარებული მოვლენები ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული განვითარების კუთხით შეშფოთებას იწვევს. ცხადია, არ იქნება დემოკრატია, არ მოხდება ინტეგრაცია. მმართველი პარტიის ლიდერმა გადაწყვიტა, არ შეასრულოს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა. მან პირობა გასულ ზაფხულს საპროტესტო გამოსვლების დროს დადო. ახლა პარლამენტისა და ქართული დემოკრატიისადმი ხალხმა ნდობა დაკარგა. მმართველმა პარტიამ დანაპირები ალბათ იმიტომ არ შეასრულა, რომ შესაძლოა პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ძალაუფლების დაკარგვის შეეშინდა. იქნებ ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტია არჩევნების მოსაგებად ადმინისტრაციული ხრიკების გამოყენებას გეგმავს. ამიტომ ეს დისკუსია კარგი შესაძლებლობაა, მოვუწოდოთ მმართველი პარტიის ლიდერებს ოპოზიციასთან სანდო და რეალურ დიალოგს დაუბრუნდნენ. ასევე უნდა მოვუწოდოთ ორივე მხარეს, შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რადგან ხალხი ძველ სისტემას არ ენდობა. ევროპარლამენტმა უნდა აიძულოს პოლიტიკური პარტიები, რომ რეალურად შეასრულონ ODIR-ის რეკომენდაციები, რათა გაუმჯობესდეს საარჩევნო პროცესი და არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის პრაქტიკა შეწყდეს,"- აღნიშნა კუბილიუსმა.

დიალოგი რომ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია, ამას ევროპარლამენტარები ერთხმად აცხადებენ.

"საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ დაპირება უნდა შესრულდეს. გამოსავალი მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იპოვოს,"- აცხადებს ევროპარლამენტარი კატი პირი.

ევროპარლამენტარი ჟელიანა ზოვკო მიიჩნევს, რომ აუცილებელია კომპრომისზე წასვლა:

"დიალოგი ყოველთვის ერთადერთი გამოსავალია. ჩვენ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და ბევრი სხვა შესაძლებლობა მივეცით. ახლა მთავარია კონსენსუსის მიღწევა. აუცილებელია კომპრომისზე წასვლა, პარტიებმა ერთმანეთის აზრს უნდა მოუსმინონ,"- აცხადებს ზოვკო.

ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ დასავლელი პარტნიორების ნდობა დაკარგა.

ევროპარლამენტარების გზავნილები რომ ქვეყნისთვის საზიანოა, ამას მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატებიც აღიარებენ.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ანტიდემოკრატიულ პროცესებს ადგილი არ აქვს და მსგავსი განცხადებების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არასწორია.

უმრავლესობა ყურადღებას იმ საერთაშორისო რეკომენდაციებზეც ამახვილებს, რომლებიც ოპოზიციის წევრებს კანონის ჩარჩოებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

შესრულდება თუ არა საერთაშორისო რჩევები ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსენსუსთან დაკავშირებით, ჯერ გაურკვეველია. პარლამენტში და პარლამენტს გარეთ ბოიკოტი გრძელდება. პოზიციები ისევ ვერ ჯერდება, აქციები კი უკვე მე-14 დღეა მიმდინარეობს.

 

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი

დღის ამბები