18 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
დაპირისპირების ცენტრად ქცეული გუდიაშვილის ქუჩა - პოლიციამ 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა

დაპირისპირების, პროტესტის და პიკეტირების ეპიცენტრად პარლამენტი დღეს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩაანაცვლა - ვითარება გუდიაშვილის ქუჩაზე რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა, ოპოზიციის ლიდერები კი, რომელთა შორის გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი და სერგო რატიანი იყვნენ, ტერიტორიიდან განარიდა. მოგვიანებით, უგულავა აქციას ისევ შეუერთდა. 

სიტყვიერი დაპირისპირება ბიბლიოთეკასთან საპატრულოს უფროს ვაჟა სირაძესა და თინა ბოკუჩავას შორის, პოლიციის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებს ბიბლიოთეკაში შესვლა აეკრძალათ. 

ხმაურის ფონზე პოლიციის კორდონის დახმარებით მოუწია იუსტიციის მინისტრს დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის დატოვება. თეა წულუკიანისთვის დისკომფორტის შესაქმნელად საჯარო ბიბლიოთეკასთან ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ. 

წულუკიანის გარდა, აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვა ბიბლიოთეკის შენობა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემაც. 

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დილიდან პოლიციის სიმრავლე იყო. ბიბლიოთეკის შესასვლელი სამართალდამცავებს ცოცხალი ჯაჭვით ჰქონდათ გადაკეტილი. ოპოზიციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა საჯარო ბიბლიოთეკასთან პარლამენტიდან გადაინაცვლეს.

გუშინდელი დღისგან განსხვავებით, საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს რკინის ჯებირები აღარ იყო. ოპოზიციამ ჩიტაძის ქუჩიდან ფეხით მსვლელობა მოაწყო, საპროტესტო შეძახილებით ჩაიარეს პარლამენტის შესასვლელებთან, ჩავიდნენ საკანონმდებლო ორგანოს წინ და აქციის დანარჩენ მონაწილეებს შეუერთდნენ. 

ავტორი: ქეთი ზანთარაია. 

 

დღის ამბები