11 სექტემბერი 2026,   12:57
ვრცლად
ბუდაღაშვილს სამარტოო საკანში 24 საათის განმავლობაში გენერატორის მეშვეობით რაღაც ხმებს ასმენინებენ - 20 ივნისს დაკავებულის ადვოკატი

ზურაბ ბუდაღაშვილის ბრალდებებზე პროკურატურა მოკვლევას იწყებს.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულის სკანდალური განცხადებების შემდეგ, რომელშიც ის ამბობდა, რომ გლდანის ციხეში მას ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ, დღეს პირველი სასამართლო მიმდინარეობს.

ზურაბ ბუდაღაშვილს დღეს დამატებითი განცხადებები არ გაუკეთებია, თუმცა იყო თუ არა, მასზე ზეწოლა იმ მიზნით, რომ ჩვენება უგულავას, ოქრუაშვილისა და მელიას წინააღმდეგ მიეცა, ამას პროკურატურა შეისწავლის.

ბუდაღაშვილის ადვოკატს პრეტენზიები გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი სკანდალური განცხადებების შემდეგ, მისი შევიწროება დაიწყო. ადვოკატი საუბრობს იმაზე, რომ ის სამარტოო საკანშია გადაყვანილი და გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში ხმაური ესმის.

"ამასთან დაკავშირებით, გაუგებარი მოტივით და მიზეზით, არ დაწყებულა გამოძიება, არავინ დაინტერესებულა, გამომძიებელი არ შესულა. პირიქით, სხვა საკანში გადაიყვანეს, სადაც იმყოფება მარტო და გარდა ამისა, ემიჯნება რაღაც მოწყობილობა გენერატორის მსგავსი, რომელიც 24 საათის განმავლობაში არის ჩართული და 24 საათის განმავლობაში ერთი და იგივე ხმა ესმის ყურში ამ ადამიანს," - განაცხადა ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის ​ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა.

დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა ამბობს, რომ ჩატარებული 15 სასამართლო პროცესის განმავლობაში, მხოლოდ 10 კაცი დაიკითხა.

"კიდევ 290 კაცის დაკითხვას, ალბათ 90 სასამართლო პროცესი მაინც დასჭირდება. ეს ახლა თუ არაა კომედი შოუ?! თქვენ თვითონ მიპასუხეთ, რა ჰქვია სასამართლო პროცესს. რაც არ გაუკეთებია მაგას, თავის თავზე ხომ არ აიღებს? არ არის დამნაშავე, უნდა გაამართლონ და გამოუშვან," - აცხადებს რუსუდან გარუჩავა.

საქმის პროკურორმა დღეს განცხადება გააკეთა, რომ გუშინ გლდანის ციხეში საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ შესული, თუმცა თავად ბუდაღაშვილმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე იმ მოტივით, რომ ფაქტთან დაკავშირებით, ის გამოკითხვაზე მხოლოდ ადვოკატის თანხლებით იქნებოდა თანახმა.

აქვე მზად ყოფნა გამოითქვა პროკურორის მხრიდან, რომ როდესაც ბუდაღაშვილს ექნება სურვილი, პროკურორები მზად არიან მისგან ჩვენების მისაღებად..

შესაბამისი მოწოდება, რომ ამ ფაქტების გამოძიება მოხდეს, კიდევ ერთხელ გააკეთა თავად მოსამართლემაც, რომელიც ახლა სასამართლო პროცესზე ბრალდებულის საქმეს იხილავს და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ეს გამოკითხვა გლდანის ციხეში შედგება. 

დღის ამბები