25 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე ოკუპანტთა ტყვეობაში რჩება

46-ე დღეა, ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის სამუშაო ოთახში პაციენტებს მისი კოლეგები იღებენ. მედიკოსები, რომლებიც თავად გაფრინდაშვილთან ერთად 2008 წლის ომის შემდეგ რუს მფრინავებს მკურნალობდნენ, ამბობენ, რომ სრულიად უკანონო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩენს რუსეთის და მის მიერ მართული რეჟიმის რეალურ სახეს.

ექიმის ოჯახს იმედი აქვს, რომ უკანონო პატიმრობა ახალ წლამდე დასრულდება. გაფრინდაშვილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საერთაშორისო და ადგილობრივი ბერკეტი გამოიყენოს, რათა ექიმი სახლში დაბრუნდეს. ექიმის ოჯახმა დღეს საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებს დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და იქვე აქტიური მოქმედებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე საუბრობს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ოცნება შიდაპოლიტიკური პროცესებით არის დაკავებული და საერთაშორისო დონეზე საქართველოს ოკუპაციისა და მოქალაქეების გატაცების საკითხის აქტუალიზაციას ვერ ახდენს.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლას განიხილავს ერთ-ერთ ქმედით ბერკეტად ხელისუფლებაც. დავით ზალკალიანი გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ესაუბრა.

46 დღიანი ტყვეობის განმავლობაში დღეს პირველად, ოსურმა მედიამ გაფრინდაშვილზე სიუჟეტი მოამზადა. მარიონეტული რეჟიმი ქართველ ექიმზე საუბრისას ჩორჩანის საგუშაგოზე მიუთითებს. ე.წ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები გაფრინდაშვილს გამოექომაგნენ, მაშინ, როდესაც არაფერი თქვეს ჩორჩანაში ქართული პოსტის განთავსებაზე, რასაც რეჟიმის ლიდერი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას უწოდებს. ბოლოს ბიბილოვი წნელისში გაფრინდაშვილისათვის უკანონო პატიმრობის მისჯამდე ერთი დღით ადრე იმყოფებოდა.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე ოკუპანტთა ტყვეობაში რჩება. საერთაშორისო აქტორების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ექიმი ახალ წელს აუცილებლად სახლსი უნდა შეხვდეს ექიმის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და პაციენტებს იმედს აძლევს, რომ გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან მალე გათავისუფლდება.

დღის ამბები