16 სექტემბერი 2026,   13:49
ვრცლად
ალექსანდრე ტაბატაძე თამაზ ბორაშვილზე: მის მოხსენებაში ჩანდა, რომ პროფესიონალია - შინაარსიანად წარმოადგინა თავისი სამომავლო ხედვები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს. ბორაშვილმა ვრცლად ისაუბრა უწყების მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე. მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათში უყრიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა. სუს-ის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა მედიას ორი დღის წინ წარუდგინა. 

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე პროფესიული მიმართულებებით ისაუბრა და უწყების სამომავლო ხედვები სხვადასხვა მიმართულებით შინაარსიანად წარმოადგინა.

მისი თქმით, კანდიდატს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და სუს-ის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებს კარგად იცნობს.

"დღევანდელი მოხსენება იყო უფრო პროფესიული მიმართულებებით. მის მოხსენებაში ჩანდა, რომ იგი არის პროფესიონალი, შინაარსიანად წარმოადგინა მან თავისი სამომავლო ხედვები სხვადასხვა მიმართულებით. იცით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაახლოებით 7-8 დეპარტამენტია, რომელიც ცალ-ცალკე მიმართულებებით მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ მას წლების განმავლობაში აქვს უკვე ნამუშევარი და თითქმის უკვე ყველა გამოწვევა მან იცის და ნაფიქრი აქვს ამაზე", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე.

დღის ამბები