11 სექტემბერი 2026,   13:42
ვრცლად
არ არსებობს მოწმე, რომელიც ჩემსა და მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს - ბეჟან ლორთქიფანიძე

20 ივნისის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად 2 პროცესი უნდა გაიმართოს. განიხილება მორის მაჩალიკაშვილის და ბესიკ თამლიანის საქმეები. დღეს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მოწმეებს მოუსმენენ. დაიკითხებიან პოლიციელები, რომლებიც 21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ არ არსებობს არცერთი მოწმე, რომელიც მისი და მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს. 

"არცერთი მოწმე, ჯერ-ჯერობით არ არის, რომელიც დაასახელებდა, რომ ან მე, ან მორის მაჩალიკაშვილი ვმონაწილეობდით იმ ბრალდებაში, რა ბრალდებაც ჩვენ წაყენებული გვაქვს. ვფიქრობ, რომ ასეთი მოწმე არ არსებობს. თავს ვთვლი უდანაშაულოდ და ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც ამ საქმეზეა დაკავებული, არ იმსახურებს იმ სავარაუდო ტუსაღობის წლებს, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლით,"- განაცხადა ბეჟან ლორთქიფანიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილისადმი ბრალის წარდგენა მისი ოჯახის მორიგ ტერორს ემსახურება. 

"2 წლის განმავლობაში ყველანაირად ეცადნენ,- მოსყიდვა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი. ნახეს, რომ არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს დამარტყეს, მოდი, ეს კაცი გავანადგუროთ ფინანსურად. ამისთვის დაიჭირეს მორის მაჩალიკაშვილი,"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რითაც შეძლებს დაადასტუროს ამ საქმეში მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობა.

20 ივნისის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, ზურაბ ბუდაღაშვილის დედაც ხაზს უსვამს იმას, რომ მისი შვილის ბრალეულობის არცერთი მოწმე არ არსებობს. 

"ყველა სასამართლო პროცესი ერთმანეთს ისე ჰგავს, შეუძლიათ მეორე სასამართლო არც დანიშნონ და იგივე გადაიტანონ, სახელ-გვარებს შეცვლიან და დამთავრდა. აბსოლუტურად არაფრის მომცემია, მიდის ასე ეს პროცესი და არ ვიცი, სადღაც შუაში თუ ეყოლებათ 1-2 მოწმე, რომელიც იცნობს მაინც და დაუნახია ერთხელ მაინც ეს ბიჭები, ველოდებით როდის იქნება,"- განაცხადა ბრალდებულის, ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ მაგული გობეჯიშვილმა.

დღის ამბები