საქალაქო სასამართლოში თიბისის დამფუძნებლების პროცესი მიმდინარეობს. დღეს სასამართლოზე მოწმეებს დაკითხავენ.
საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს, თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. საუბარია 16 მილიონზე.
ბრალდებულები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ და მიმდინარე პროცესის უკან, ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავენ.
"ეს ის სასამართლო და პროკურატურაა, რომელიც ივანიშვილმა სააკაშვილისაგან გადმოიბარა, მოირგო და დღეს, პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს. ჩვენ ველოდებით, როდის დაიბარებენ გახარიას სასამართლოში, რომელმაც ერთი წლის წინ, მუქარის შემცველი წერილი გადმოგვცა," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.
იმ ფაქტზე, რომ საქმეში ბევრი აბსურდია საუბრობს "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე.
"ამ საქმეში ბევრი აბსურდია. დავუშვათ რასაც პროკურატურა ამბობს ყველაფერი არის სიმართლე, ამ შემთხვევაშიც კი ფულის გათეთრება ვერ იქნება იურიდიულად სახეზე, ვინაიდან არ არის საქმეში არანაირი შავი ფული," - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, კახა კოჟორიძემ.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე