04 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
"გამარჯობა დედამიწა, ჩვენ იდლიბიდან ვართ, რუსეთი გვკლავს" - გზავნილი სირიიდან

"გამარჯობა დედამიწა, ჩვენ იდლიბიდან ვართ, რუსეთი გვკლავს," - ამ სიტყვებით მსოფლიოს სირიელმა ჟურნალისტმა მიმართა. მერნა ალჰასანი მობილური ტელეფონის საშუალებით სირიაში ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს შორის არსებულ კონფლიქტს აშუქებს და ცდილობს ასადის რეჟიმის მიერ დაბომბილი პროვინციის შესახებ ხმა საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდინოს.

რუსეთის მხარდაჭერით სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო ბოლო ორი კვირაა იდლიბის პროვინციას მშვიდობიანი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ. გაეროს მონაცემებით, საცხოვრებელი სახლები უკვე 235 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია.

"სახლში მშვიდად ვიყავით, როცა მოულოდნელად დაბომბვა დაიწყო. მეორე დილით საჰაერო თავდასხმები იყო. ყველაფერი დავტოვეთ და მხოლოდ იმით წამოვედით რაც გვაცვია. რთულ პირობებში გვიწევს ყოფნა"- აცხადებს სირიელი ლტოლვილი.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო მსხვერპლია მშვიდობიან მოქალაქეებშიც. დაღუპულია 80-მდე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. უდანაშაულო სირიელების მკვლელობა დაგმო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც რუსეთ-სირია-ირანის ტრიადა მკაცრად გააკრიტიკა.

"რუსეთი, სირია და ირანი იდლიბის პროვინციაში ათასობით უდანაშაულო ადამიანს კლავენ, ან მათი მკვლელობისთვის ემზადებიან. ამას ნუ ჩაიდენთ! თურქეთი ამის შესაჩერებლად მუშაობს," -აცხადებს ტრამპი.

იდლიბის პროვინციაზე ინტენსიური შეტევები კრემლის მხარდაჭერით ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა დეკემბერში დაიწყო. სამთავრობო არმიამ სამხედრო ოპერაციების ფარგლებში 40-ზე მეტი ქალაქი და სოფელი უკვე დაიკავა. იდლიბი სირიის მასშტაბით ერთადერთ ტერიტორიაა, რომელსაც ამბოხებული ოპოზიცია აკონტროლებს. სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო.

დღის ამბები