ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორად დაგეგმილი პოლიტიკით გრძელდება საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას საერთაშორისო რეიტინგებშიც, რაც უფრო მეტ ინსტიტუციურ თუ კერძო ინვესტორს იზიდავს ქვეყანაში.
"მაგალითად, ამერიკის კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტის Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველომ წელს ევროპაში მე-19 ადგილი დაიკავა.
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე. რეიტინგის პერსპექტივა კვლავ პოზიტიურია, რაც ასახავს ეკონომიკურ ზრდას, ინფლაციის ვარდნასთან და საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასთან ერთად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2030 წლამდე პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დეკადური ზრდის პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა.
ეს შედეგები მიღწეულ იქნა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგად, რომელიც მშვიდობის უზრუნველყოფით და სწორად დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმებით, მიზნად ისახავს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში სიღარიბის სრულად აღმოფხვრას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას.
ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი არის დაკავშირებადობა. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი. მიმდინარე რეგიონული კრიზისების ფონზე, ენერგიისა და სავაჭრო სატრანსპორტო ალტერნატიული მარშრუტები გადამწყვეტია საერთაშორისო სტაბილურობის, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ველით უფრო მჭიდრო ჩართულობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რათა წინ წავიწიოთ ისეთი საკვანძო სტრატეგიული პროექტების მიმართულებით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლის სერვისები და სხვ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.