ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სატელეფონო საუბრის შემდეგ, მხარეების მიერ გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
თეონა აქუბარდიას თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება შეუფერებელია პრემიერ-მინისტრისთვის და ის სცილდება დიპლომატიურ ენას.
მისივე შეფასებით, კობახიძის განცხადება, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მმართველი გუნდი ქვეყანას დასავლური ორბიტისგან აშორებს.
"ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა, ცდილობს კიდევ ერთხელ აუხსნას ვითარების სიმძიმე და სთხოვს, რომ დიალოგის გზით მოგვარდეს ის კონსტიტუციური გადახვევა, რომელსაც ღიად ახორციელებს "ქართული ოცნება", მაგრამ ირაკლი კობახიძის პასუხის პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის შეუფერებელია და დიპლომატიურ პროტოკოლს სცდება. ეს კიდევ ერთი განაცხადია იმისა, რომ კურსის ცვლა მიმდინარეობს. ქვეყანას აშორებენ დასავლურ ორბიტას, ქვეყანას აშორებენ დემოკრატიას", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პარტია "ახალის" წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით კი, საერთაშორისო საზოგადოება ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს, ამ ფონზე, დოლიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესი მმართველი გუნდისთვის ცუდად დასრულდება.
"თუ კი ვინმე არსებობს დიპლომატიაში, საგარეო სექტორში, თუკი ვინმე ჩვენთან პარტნიორობს, უნდა ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ყველა ჩართულია ამ პროცესში და ცდილობენ, ეს პატარა ბიჭები დაარწმუნონ იმაში, რომ ძალიან არასწორ მოქმედებებს აქვს ადგილი. ერთის მხრივ, ვხედავთ, საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობას ჩვენი ხალხის მიმართ და ვხედავთ, პოზაში ჩამდგარ "ქართულ ოცნებას". იმდენად იზოლირდებიან, რომ ვფიქრობ, ძალიან ცუდად დაამთავრებენ", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დასრულების შემდეგ, შარლ მიშელმა განაცხადა,რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის და ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის - ე.წ დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის.