18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
რამდენიმე საათში საოკუპაციო რეჟიმი ქარძმანი-პერევის გადასასვლელს ჩაკეტავს

რამდენიმე საათში საოკუპაციო რეჟიმი იმ ერთადერთ გამშვებ პუნქტსაც ჩაკეტავს, რომლითაც ახალგორის 4 თვიანი იზოლაციის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობდნენ.

საოკუპაციო რეჟიმი 30 დეკემბრიდან სოფელ ქარძმანთან არსებული ერთადერთი გადასასვლელის დაკეტვას გეგმავს. 

მორიგი პროვოკაციული გადაწყვეტილება, ისედაც ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას, დამატებით პრობლემებს უქმნის. რატომ უზღუდავს მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების უფლებას - საოკუპაციო რეჟიმი მოტივად უსაფრთხოებას ასახელებს. თბილისში დღეს თქვეს, რომ მდგომარეობა მძიმეა. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ ოკუპანტების ქმედება, იმ ფონზე როდესაც ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი უკვე სამ თვეზე მეტია ჩაკეტილია, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხეს აჩენს.

დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებს ოპოზიციის ნაწილი. ოპონენტების განცხადებით, ქვეყნის მთავრობის საერთაშორისო ასპარეზზე პასიურობა, კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას ყოველდღიურად აზარალებს.

კრიტიკას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ოკუპანტების ქმედების შესახებ ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორმატში აქტიურად საუბრობს. ხათუნა თოთლაძემ ამის დამადასტურებლად ოპონენტებს დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტიც შეახსენა.

ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში კიდევ უფრო გააქტიურებას ითხოვენ უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ექსპერტები. ანალიტიკოსების თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები ქვეყანაში უსაფრთხოების გარემოს აზიანებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დე-ფაქტო მთავრობის ქმედებებს ხელისუფლებამ მწყობრი სტრატეგია უნდა დაუპირისპიროს, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული იქნება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონთან დამაკავშირებელი ერთადერთი გადასასვლელის 5 დღით ჩაკეტვას 30 დეკემბრიდან გეგმავს. მარიონეტული რეჟიმი ამ ფაქტს საახალწლოდ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებით ხსნის.

საჩხერის რაიონის სოფელ სინაგურის კონტროლირებად ნაწილთან დამაკავშირებელი ე.წ. გამშვები პუნქტი სავარაუდოდ 3 იანვარს გაიხსნება. იმ ფონზე, როდესაც ახალგორთან დამაკავშირებელი გადასასვლელიც 116 დღეა დაკეტილია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ახალი წლის გატარება სრულ ბლოკადაში მოუწევს.

 

დღის ამბები