18 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დახლებიდან მალფუჭებადი სურსათის შეძენისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

სახელდახელოდ მოწყობილი სავაჭრო პუნქტები ქალაქში მოქმედი თითქმის ყველა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

მომხმარებელთა ნაწილი უპირატესობას ხელმისაწვდომ ფასად, ახალი და ნატურალური პროდუქტის შეძენას ანიჭებს, თუმცა ღია დახლებიდან შეძენილი პროდუქტის არც ხარისხსა და არც შენახვის პირობებზე კითხვები არ აქვთ.

გარემოვაჭრეები მიიჩნევენ, რომ სახელდახელოდ მოწყობილ სავაჭრო სივრცეში პროდუქტის სანიტარულ-ჰუმანიტარული ნორმების დაცვა რთულია, თუმცა ეს მის ხარისხზე არ აისახება.

არასათანადო პირობებში განთავსებული მაღალი რისკის სურსათის მიღების შედეგებზე აკეთებენ აქცენტს სპეციალისტები. მათი განმარტებით, ასეთი პროდუქტის ორგანიზმში მოხვედრამ ადამიანის ჯანმრთელობას შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციისთვის სავაჭრო სივრცის მოწყობას მიესალმება "სახალხო კონტროლი", თუმცა მაღალი რისკის შემცველი სურსათის ღია დახლებიდან გაყიდვას უკანგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და მომხმარებელთა უფლებების შელახვაზე საუბრობს.

მომხმარებლის წილ პასუხისმგებლობაზე აკეთებენ აქცენტს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. უწყება მოქალაქეებს არასათანადო პირობებში განთავსებული მალფუჭებადი სურსათის შეძენისგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართავს.

გარევაჭრობა კანონგარეშე ქმედებას წარმოადგენს და მის რისკებთან გამკლავება კვლავ მოქალაქეების პასუხისმგებლობად რჩება.

დღის ამბები