18 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
პარლამენტთან დაკავებული 10 პირის პროცესი დღეს გაიმართება - ადვოკატები პოლიციის  უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ

პარლამენტთან დაკავებული 10-ივე პირი უკვე გადაყვანილია საქალაქო სასამართლოში. სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.

"სირცხვილიას" წევრებს და სხვა სამოქალაქო აქტივისტებს, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილს, ბექა ბასილაიას და ნოდარ რუხაძეს, სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათი ნაწილისთვის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქციების დროს ეს უკვე მეორე დაკავებაა.

როდის დაიწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დაკავებულების პროცესი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია მოსამართლე, რომელიც მათ საქმეზე იმსჯელებს, ეს არის ივანე აღნიაშვილი.

დაკავებულების მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. ისინი პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ყველა დაკავებული უდანაშაულოა და სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.

"მათ დაშალეს და ნაგავში გადააგდეს ყველა ის ნივთი, რომელიც აქამდე ჰქონდა შვილმოკლულ მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს და ასევე მამალაძის ძმას.

არანაირი გაფრთხილება, მოვიდნენ გვიან ღამე, ქურდულად და ეცნენ მათ კარვებს. წინ არის ჩემო კარგებო, გაზაფხული და ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა იმიტომ, რომ ხალხი ნამდვილად არის გაბრაზებული. რაც არ უნდა წარწერა წაშალონ, ეს წარწერა აუცილებლად აისახება 2020-ის არჩევნებში," - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" დამფუძნებელი ანა ჭარხალაშვილი.

რაც შეეხება უფლებადამცველების პოზიციას და სამართლებრივ მხარეს, მათი თქმით, ნოდარ რუხაძეს და გიორგი მუმლაძეს ფიზიკური დაზიანებები აქვთ. როგორც ადვოკატები საუბრობენ, სახელმწიფო ბრალდებას დაკავებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და მხოლოდ დაკავების ოქმი არსებობს.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატები დღეს შუამდგომლობას დააყენებენ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე მტკიცებულებებს წარმოადგენენ ვიდეომასალის სახით, თუ როგორ გადაამეტეს პოლიციელებმა თავიანთ უფლებამოსილებას დაკავების დროს.

"გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მას დაზიანებები აღენიშნება და პოლიციელებმა მიაყენეს დაკავების პროცესში, მანქანაში ჩასმის დროს და ამაზე როგორც ვიცი დაწყებულია გამოძიება. რა შეეხება სხვა დაკავებულებს, როგორც ყველა სხვა წინა საქმეებშიც, აქაც გამოყენებულია ორი მუხლი, ეს არის დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა, ეს ერთგვარად ტრენდად იქცა. პოლიცია იყენებს ამ ორ მუხლს. სასამართლოს უადვილდება შემდგომ ერთ-ერთი მუხლიდან რომელიმე დაადასტუროს და ასე შეუფარდოს ამ ადამიანებს პატიმრობა," - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები