05 ნოემბერი 2024,   04:08
ვრცლად
უწყლოდ დარჩენილი ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ - მესამე დღე წყლის გარეშე ტურისტულ ზონაში

დასვენების ნაცვლად გუდაურში ჩასული ტურისტები წყლის რიგებში დგანან. უკვე მესამე დღეა სასმელ წყალს ახალ დასახლებაში მცხოვრებლებს და ტურისტებს რეზერვუარით აწვდიან, ტურისტების ნაწილმა გუდაური დატოვა.

ტურისტების ნაწილი პრობლემის მოგვარებას ჯერ კიდევ ელოდება, თუმცა თუ ხვალამდე საკითხი არ გადაწყდება, ამბობენ, რომ მთის კურორტის დატოვება მათაც მოუწევთ.

გუდაურის ახალ დასახლებაში ტურისტები სასტუმროებში ჯავშნებს აუქმებენ, რესტორნები კი მისულ სტუმრებს უკან აბრუნებენ.

თანამშრომლები ამბობენ, რომ უწყლობის გამო უკვე სოლიდური ზარალი მიადგათ.

სამდღიანი პრობლემის მოსაგვარებლად წყალმომარაგების კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, წყლის მარაგის შემცირება მშრალმა კლიმატურმა პირობებმა და სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ განაპირობა, პრობლემა უახლოეს საათებში უნდა მოგვარდეს.

გუდაურის გარდა წყლის პრობლემაა კიდევ ერთ სათხილამურო კურორტზე.

ბაკურიანში ბოლო დღეებია წყლის მიწოდება საათობრივად ხდება, რაც ასევე პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და ტურისტებს.

დღის ამბები