ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა 6 იანვრის ღამეს, ფოთის ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძარში, საშობაო წირვა აღავლინა.
საზეიმო წირვის წინ, დიაკვანმა კირიონმა მრევლს მეუფის ეპისტოლე წაუკითხა, სადაც მეუფე გრიგოლმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მეუფე პეტრესა და დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით.
"სამწუხარო კვალი დატოვა გასულ წელს ჩვენს ეკლესიაში განვითარებულმა მოვლენებმა, მხედველობაში მაქვს მიტროპოლიტ პეტრეს მიერ და მის მიმართ გადადგმული ნაბიჯები. აქ ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც გავუსვამდი ხაზს, რადგან ვერ შევძელი ჩემი ძმების დარწმუნება იმ ნაბიჯების გადადგმის გარდაუვალ აუცილებლობაში, რაც თავიდან ააცილებდა ეკლესიას და თვით სახელმწიფოს იმ რყევებს, რომლის შედეგებიც არც თუ შორეულ მომავალში მძაფრად იჩენს თავს," - ნათქვამია მეუფე გრიგოლის ეპისტოლეში.