21 დეკემბერი 2024,   21:18
ვრცლად
გაუქმებული ჯავშნები, ათობით გაბრუნებული ტურისტი, დაცარიელებული სასტუმროები - უწყლობის შედეგი გუდაურში

გაუქმებული ჯავშნები, ათობით გაბრუნებული ტურისტი, დაცარიელებული სასტუმროები და ნაწილობრივ გაჩერებული რესტორნები. ასეთია ახალ გუდაურში უწყლობით გამოწვეული შედეგი. შექმნილი პრობლემის გადაჭრისა და წყლის სისტემის აღდგენის ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ 1 კვირიანი კრიზისი გუდაურის ყველაზე პოპულარულ და მჭიდროდ განაშენიანებულ საცხოვრებელ კომპლექსში დასრულებულია. 

სამთო-სათხილამურო კურორტზე წყლის პრობლემის აღმოფხვრას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 7 დღის განმავლობაში ცდილობდა. ახალ გუდაურში შექმნილ კრიზისს დაემთხვა კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლაც. ეკატერინე გალდავამ დაკავებული პოსტი დღეს დატოვა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი არ აკონკრეტებს, უკავშირდება თუ არა საკადრო ცვლილება ზამთრის კურორტების წყლით მომარაგებაში არსებულ პრობლემას. ეკატერინე გალდავა მუშაობას ეკონომიკის სამინისტროში განაგრძობს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გუდაურში კრიზისი შედეგად გამოწვეულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ტურისტული სეზონისთვის წყლით გამოწვეულ პრობლემას ძლიერი ზიანი არ მიუყენებია. წყალი კი, რომლითაც საცხოვრებელი კომპლექსი ამ დროისთვის მარაგდება ტექნიკურია და მისი სასმელად გამოყენება შესაძლოა ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იყოს. 

სისტემა სრულად დღის მეორე ნახევარში აღდგა. ახლა გუდაურს წყალი სარეზერვო ქსელის მეშვეობით მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი სისტემური ხარვეზის აღმოსაფხვრელად 24 საათიან რეჟიმში მუშაობას კვლავ აგრძელებენ.

პრობლემაა ზამთრის კიდევ ერთ საკურორტო ზონაში. ბაკურიანში 2 ქუჩის მოსახლეობას და დაახლოებით 20-მდე სასტუმროს, უკვე 1 კვირაა წყალი ან შეფერხებით მიეწოდება ან საერთოდ არ აქვს. სამთო-სათხილამურო ზონაში არსებულ პრობლემას ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე ხვალ გაეცნობა.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები