გრიპის ვირუსის სიმპტომებით მიმართვიანობა, მედიკოსების თქმით, კლინიკებში შემცირებულია, თუმცა სტაციონარში პაციენტები მაინც რჩებიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის ახალ სტატისტიკას რამდენიმე საათში გაავრცელებს.
ამ დროის მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში "B" ტიპის ვირუსის შტამი ცირკულირებს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, შეუპოვარი ცხელება, ზოგადი სისუსტე, პირღებინება და კუნთების ტკივილი ახასიათებს.
რისკ-ჯგუფს ბავშვები, მოხუცები და ორსულები წარმოადგენენ და იმ შემთხვევაში, გრიპის ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმები პაციენტებს ურჩევენ, სტაციონარს რაც შეიძლება სწრაფად მიმართონ.
რაც შეეხება პრევენციას, ექიმების თქმით, ამ შემთხვევაში პრევენცია ვაქცინაცია და ჰიგიენის ნორმების გამკაცრებაა.
"შემოსული პაციენტებიდან დაახლოებით 40%-მდე მაინც არის გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებების ჩივილებით, რაც გამოიხატება შეუპოვარ ცხელებაში, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზოგჯერ ღებინება. ჩვენს კლინიკაში, თერაპიულ განყოფილებაში 58 პაციენტი წევს, ამათგან 16 დადასტურებულია და ყველა "B" ჯგუფის ვირუსია.
პრევენციის საუკეთესო საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, რომელიც სასურველია ოქტომბრის თვეში ჩატარდეს, თუმცა ორსულებისთვის და რისკ-ჯგუფებისთვის არც ახლაა გვიან. დაახლოებით 4 კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას. გარდა ამისა აუცილებელია დავიცვათ ჰიგიენური პირობები," - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.