საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში საკუთარი ინტერესები უკვე გაატარა.
ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებას აზრი აღარ აქვს, რადგან იუსტიციის საბჭოში არსებულმა "კლანმა" მისთვის საჭირო კანდიდატები თანამდებობაზე უკვე დანიშნა.
"როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში, არის პოლიტიზირებული ისე, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი აშკარად იკვეთება, ცხადია, რომ მთლიანად სასამართლო სისტემა არის პოლიტიზირებული. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხდება მოსამართლეების დანიშვნის დროს ქვედა ინსტანციებში. რა თქმა უნდა, იქ არის კიდევ უფრო უარესი ვითარება.
ახლა რომც გაითვალისწინოს რეკომენდაციები, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან 14 მოსამართლე უკვე უვადოდაა არჩეული. ანუ, ის ხალხი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა პარლამენტს და ჩინჩალაძის კლანს, უკვე გაყვანილია თანამდებობაზე,"-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ ეუთო-ოდირის მეორე, კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი