21 დეკემბერი 2024,   17:48
ვრცლად
"აფხაზეთში ხალხი მუდმივი ქაოსით დაიღალა"- ექსპერტი ვანო აბრამაშვილი

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი ვანო აბრამაშვილი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოვლენები პოლიტიკურ კლანებს შორის დაპირისპირებითაა გამოწვეული.

აბრამაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს პროცესებს, რადგან აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასგან განსხვავებით, მისი ოპონენტი უფრო მეტად ლიბერალურ პოლიტიკას ატარებს გალთან მიმართებით, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია.

"ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ დაიღალა ამ სრული, მუდმივი ქაოსით. ზოგი საკმაოდ ნიჰილისტურად უყურებს ყველაფერს. ისტორიულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ გუდაუთისა და ოჩამჩირის კლანების დაპირისპირებაში, რომელთაც შესაბამისი პარტიებიც ჰყავთ, ოჩამჩირის კლანი შედარებით ლიბერალურია ხოლმე გალელებთან მიმართებაში და ეს ნამდვილად უნდა აინტერესებდეს თბილისს. იმიტომ, რომ იქ საკმაოდ დიდია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, აფხაზური შიდა პოლიტიკა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ამ ადამიანებზე, ასევე, გამშვებ პუნქტებზე და იქ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, ამიტომ ეს ჩვენ უნდა გვაღელვებდეს,"- განაცხადა ვანო აბრამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ოპოზიციური კანდიდატის ალხას კვიცინიას ​მომხრეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. 9 იანვარს აქციის მონაწილეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.

დღის ამბები