18 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ქუთაისის ისტორიული ცენტრი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე - ნარჩენებს პირდაპირ რიონის ნაპირზე ყრიან

ქუთაისის ისტორიული ცენტრი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე. ტერიტორია დაბინძურებულია. ნარჩენებს პირდაპირ რიონის ნაპირზე ყრიან, საქალაქო სამსახურები კი არც კონტროლზე და არც დაბინძურებული მდინარის დასუფთავებაზე არ ზრუნავენ. მძიმე ვითარების გამო ქალაქის ამ ნაწილში არც ტურისტული მარშრუტები აღარ სრულდება. დღეს ქალაქის მერიას რეაგირება უკვე ტელეეთერების საშუალებით სთხოვეს სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ქუთაისში, ახლომდებარე დასახლებებთან, მდინარე რიონის მიერ ჩამოტანილ ხესა და სხვა ნარჩენებთან ერთად ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგავიც ყრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარის დაბინძურება ეკოლოგიურ პრობლემებს აჩენს და ქალაქის ისტორიულ ნაწილის იერსახესაც ამახინჯებს.

გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს, კრიტიკას ვერ უძლებს. მათი თქმით, მდინარეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ადგილობრივები აბინძურებენ.

ქალაქის ისტორიულ ნაწილში ეკოლოგიური პრობლემის დროულ მოგვარებას მოითხოვენ გიდებიც. მათი თქმით, რიონის სანაპირო იმდენადაა დაბინძურებული, რომ ტურისტული მარშრუტებიდანაც ამოიღეს.

ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორშიც. მათი განცხადებით, შესაბამისი სამსახურები პრობლემაზე არ რეაგირებენ. აქტივისტებმა ბრიფინგი დღეს ჯაჭვის ხიდთან გამართეს.

პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. ის ამბობს, რომ ტერიტორია რთულად დასასუფთავებელია და პერიოდულად იწმინდება. მერის განცხადებით, იმისთვის, რომ მოსახლეობამ მდინარე აღარ დააბინძუროს, საინფორმაციო კამპანიაც დაიწყება.

ქუთაისელები ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის დროული მოგვარების მოლოდინში არიან.

დღის ამბები