21 დეკემბერი 2024,   18:09
ვრცლად
რა როლი ჰქონდა 20 ივნისის მოვლენებში სააკაშვილს - შსს ექს-პრეზიდენტის განცხადებით დაინტერესდა

"2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო, ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა," - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებას განუცხადა. 

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა. 

უწყებაში აცხადებენ, რომ ყოფილი პირველი პირის განცხადება საკმარისი საფუძველია ვარაუდისთვის, რომ 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა განხორციელდა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  315-ე მუხლისს მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ასევე 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა  განცხადება, რომლის მიხედვითაც - "2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა", -  აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშაუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით  ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და  მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება," - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები