გენერალური პროკურორის პოსტზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ოპოზიციის უარყოფითი შეფასება მოჰყვა.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნის საკითხს მხოლოდ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.
"ივანიშვილის მონები ხმას მისცემენ შოთაძეს, თუკი ბატონი ბიძინა ამას უბრძანებს მონა-მორჩილ უმრავლესობას. ამიტომ, მთავარია, ივანიშვილი რას გადაწყვეტს, რადგან "ქართულ ოცნებაში" არ არიან დამოუკიდებელნი.
შეიძლება იყოს ასეთი სცენარი, რომ წარადგინა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, რაც ნახა საზოგადოების რეაქცია, ან ვთქვათ, სხვა დანიშნეს და ვიღაცამ შვებით ამოისუნთქა, რომ აი, შოთაძე არ დანიშნეს,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, მურთაზ ზოდელავას თქმით, შოთაძის კანდიდატურა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის ნდობა აღდგა, რაც მისი და გახარიას დაპირისპირებას გამოიწვევს.
"იმის მერე, რაც ღარიბაშვილის რეაბილიტაცია მოახდინა ივანიშვილმა, მე არ გამოვრიცხავ არც შოთაძის და, პირდაპირ რომ ვთქვათ ფარცხალაძის რეაბილიტაცია მოხდეს და ამ ორმა პერსონამ სრულყოფილად დაუმშვენოს გვერდი ივანიშვილს,"- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა.
ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგა, ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.
გადადგომის შემდეგ ირაკლი შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად დასაქმდა.
2019 წლის მარტიდან შოთაძემ სილქნეტის იურიდიული კონსულტანტის თანამდებობასაც შეითავსა.