22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
სურამში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები - მეზობლები მკვლელობის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ

სურამში შემზარავი მკვლელობის მოტივად მეზობლები და ახლობლები ეჭვიანობას და უთანხმოებას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, მეუღლეები ერთმანეთს წლების წინ გასცილდნენ, თუმცა ბავშვის გამო გარკვეული ურთიერთობა მაინც ჰქონდათ.

როგორც ეჭვმიტანილის დედა აცხადებს, წყვილი ერთმანეთს 6 წლის წინ დაშორდა. მისივე თქმით, გარდაცვლილი ქალი მამას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა, რაც ეჭვმიტანილის გაღიზიანების მიზეზი ხშირად გამხდარა.

"6 წელია ჩემი რძალი ჰქვია და ჩემი შვილიც მეუბნებოდა არ მინდა, რომ რამე დავუშაო და ჩემს შვილსაც დედა წავართვაო, როდესაც ჩამოდიოდა ჩემი რძალი ბებიამისთან და ჩემი შვილი მიდიოდა ბავშვს არ ატანდნენ, რაზეც ბრაზდებოდა ჩემი შვილი" - განაცხადა ეჭვმიტანილის დედამ.

იმ სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო სამუშაოები უკვე დასრულდა. ბრალდებული ამ ეტაპზე მიმალვაშია. როგორც ერთ-ერთი მეზობელი აღნიშნავს, ეჭვმიტანილი წლების წინ ნასამართლევი იყო.

შეგახსენებთ, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 30 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. გარდაცვლილს თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

არსებული ვერსიით, ქალს აღნიშნული დაზიანებები ქმარმა მიაყენა და მიიმალა. დაზარალებული მიყენებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

დღის ამბები