27 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
"დამოუკიდებელი დეპუტატები" ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებენ და ახსენებენ, რომ ეს მისი ვალდებულებაა

ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებენ - ინიციატივა ფრაქცია "დამოუკიდებელ დეპუტატებს" ეკუთვნის.

მათი მტკიცებით, ეკატერინე ტიკარაძე ვალდებულებას თავს არიდებს და საკანონმდებლო ორგანოში არ მიდის.

დამოუკიდებელ დეპუტატებს კითხვები ჯანდაცვის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით აქვთ. მმართველ გუნდში დამოუკიდებელი დეპუტატების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტში მისვლა და ანგარიშის წარდგენა მინისტრის ერთ-ერთი მოვალეობაა.

"არ ესმის ეტყობა, რომ პარლამენტი მისი მაკონტროლებელი სტრუქტურაა, ვისაც უნდა ჩააბაროს ანგარიში. ამიტომ, რადგან ის არ მოდის ჩვენ გადავწყვიტეთ და ვიბარებთ პარლამენტში," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი აღნიშნავს, რომ საგაზაფხულო სესიაზე ჯანდაცვის მინისტრი ანგარიშის წარდგენას ისედაც აპირებდა, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, "დამოუკიდებელი დეპუტატების" ბრალდება, რომ მინისტრი პარლამენტში არ მიდის, უსაფუძვლო და უადგილოა.

"საგაზაფხულო სესიაზე მოვა თვითონაც ანგარიშის წარსადგენად. ამ ყველაფერზე მან უკვე გააკეთა განცხადება, ამიტომ განგაშის ატეხა, რომ მინისტრი არ მოდის და დამოუკიდებელ დეპუტატებს მოჰყავთ, არის უსაფუძვლო და უადგილო," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები