თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" საკრებულოს სამ დეპუტატს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
აღნიშნული ოდენობის გირაოს შუამდგომლობა სხდომაზე საქმის პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლე დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა.
თავის მხრივ, დღეს ლევან ხაბეიშვილს ძველი თბილისის სამმართველოში ბრალი წაუყენეს. თბილისის საკრებულოს დეპუტატს გამოძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ედავება.
წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს ლევან ხაბეიშვილი.
24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.