კორონავირუსი ყოველდღიურად ახალ მასშტაბს იძენს, პარალელურად კი ვირუსთან დაკავშირებით, დეზინფორმაციული კამპანიაც სულ უფრო აქტიური ხდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ აყვნენ პანიკას, რაც პრევენციული ნაბიჯების გადადგმას ხელს უშლის.
მისივე განმარტებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდება, სწორედ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იქნება პირველი სტრუქტურა, რომელიც ამ ინფორმაციას დაადასტურებს.
"ნუ მიეცემით პანიკას იმიტომ, რომ ეს პანიკა კიდევ უფრო აუარესებს შემდგომ საზოგადოებრივ აზრს და ქვეყანაში უფრო ართულებს ამ დაავადების პრევენციისა და ამ დაავადების პროფილაქტიკას. ამიტომ გთხოვთ, რომ მიჰყვეთ და მიიღოთ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან.
საქართველოში ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა არც ერთი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის შემთხვევა. საქართველოში მნიშვნელოვნად კონტროლდება ჩინეთიდან ყველა მგზავრი, იქნება ეს ჩინეთის, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე.
არის სერიოზული მზადყოფნა, ქვეყანაში, თუ ასეთი დაფიქსირდა, რომ მას გაეწიოს შესაბამისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც დღეს მიღებულია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა ცენტრში ასევე ამბობენ, რომ თავად ცენტრი და ყველა სტრუქტურა, ჯანდაცვის ყველა რგოლი აქტიურად იქნება ჩართული და გაატარებს პრევენციულ ნაბიჯებს.
"ვინც კი ჩინეთში ყოფილა, ორი კვირა არა უფრო მეტის მანძილზეც, ისინი მიდიან ექიმებთან, რომ დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები არიან და პრობლემა არ არის.
თუ იქნება ვთქვათ შემოსული, მას გაეწევა ყველანაირი დახმარება, იქნება შესაბამისად იზოლირებული. ასე რომ, ჩვენ ყველამ გავაგრძელოთ ჩვენი ნორმალური ცხოვრება და მივყვეთ რეკომენდაციებს, რომელიც ყველა ეტაპზე იქნება შესაბამისი სიტუაციის," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.