უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
საუბარია თბილისის განვითარების ფონდში გამოვლენილ ხარვეზებზე. საქმე, რომელზეც ორმა ინსტანციამ უკვე იმსჯელა, ამჯერად გენერალური პროკურორობიდან უზენაეს სასამართლოში წასულ შალვა თადუმაძეს და მის კოლეგიას დაეწერა.
საქმეზე ზეპირი მოსმენა 10 თებერვალს ჩაინიშნა, რომელსაც არც გიგი უგულავა და არც მისი ადვოკატი არ დაესწრებიან.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა თბილისის მერს მიმართავს და სთხოვს, რომ ბრალის აღიარების დოკუმენტი, რომელზეც მერი საუბრობს, დღის ბოლომდე წარადგინოს.
"ბატონო კახი თქვენ ხართ უწიგნური და მატყუარა! ცდილობთ ხალხი სიცრუეში შეიყვანოთ. ტოებით და ბიჭოებით მოგმართავთ, რომ დღის ბოლომდე წარადგინოთ დოკუმენტი ჩემს მიერ ხელმოწერილი, განცხადება თუ ბრალის აღიარება, სადაც წერია, რომ მე 50-მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, დღის ბოლოსთვის იქნებით ის, ვინც თქვენ ჰომოგენურად ყველაზე მეტად გესმით... მატყუარას ჟარგონულად რაც ჰქვია, თქვენივე წრეში კარგად მოიკითხეთ,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ თადუმაძეს აქვს დავალება მიღებული, რომ გიგი უგულავას თავისუფლება აღუკვეთოს.
"ეს არის საქმე, რომელიც პირველი ინსტაციის და სააპელაციო ინსტაციის სასამართლოში დასრულდა. გიგი უგულავას სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ თადუმაძეს მისცეს დავალება გიგი უგულავას აღუკვეთონ თავისუფლება,"- განაცხადა ბექა ბასილაიამ.