ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, შეკრებისა და მანიფესტის შესახებ კანონში მოქმედ ჩანაწერს ასაჩივრებს. მათ, შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანეს.
საქმე ეხება "გააღვიძე ოლიგარქი" აქციის მონაწილეებს, რომელთა საქმეც ოზურგეთის სასამართლომ განიხილა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სამართალდამრღვევებად სცნო.
"ჩვენ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი შეკრების, პროტესტისა და თავისუფალი გადაადგილების უფლება ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ მონურ მორჩილებაში მყოფი სასამართლოთი შეზღუდა. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს პროცესი დაიწყება და ის ნორმა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვაა, გაუქმდება," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბონდო თედორაძემ.
საია მიიჩნევს, რომ შეკრებისა და მინიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის ის ჩანაწერი, რომელიც კერძო საკუთრებასთან ზღუდავს მშვიდობიან შეკრებას, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.
იურისტი პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს.
"ოზურგეთში იყო მშვიდობიანი შეკრება სახელწოდებით - "გააღვიძე ოლიგარქი". სასამართლომ გააკეთა განმარტება, რომ შეკრება, რომელიც კერძო საკუთრებასთანაა, ვერ ჯდება კანონით დაცულ სფეროში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განმარტება არასწორია," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ-კონსულტანტმა, პაატა დიასამიძემ.