18 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
აქცია წყალტუბოში - სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრები დევნილები შენობიდან გასახლებას ითხოვენ

წყალტუბოში სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები სანატორიუმში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ და შენობიდან გასახლებას მოითხოვენ.

დევნილების თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ სანატორიუმი ავარიულია და იქ ცხოვრება არ შეიძლება. დევნილები სანატორიუმში არსებული პირობების გამო დაუყოვნებლივ გასახლებას ელოდებოდნენ, მაგრამ დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ დეპარტამენტში განუცხადეს, რომ განცხადებები უნდა დაწერონ და ბინებს დაელოდონ.

"გაუსაძლისი პირობებია, დასკვნაც არის, რომ არ შეიძლება აქ ცხოვრება. ველოდებოდით, რომ პირველს ჩვენ გაგვიყვანდნენ და ახლად აშენებულ ბინებში შეგვასახლებდნენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დავწეროთ და დაველოდოთ. რას უცდიან, რომ დავიხოცოთ და აღარ დასჭირდეთ ჩვენი გაყვანა? თუ არ დაგვაკმაყოფილებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ,"- აცხადებენ ადგილობრივები.

სანატორიუმში კომპაქტურად ჩასახლებული 50 დევნილი ოჯახი, მათი მოთხოვნების შესრულებამდე პერმანენტულ პროტესტს გეგმავს. 

დღის ამბები