18 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ჩემი კონსტიტუციური უფლება, რომელიც შეილახა, უნდა აღდგეს - ნიკა მელიას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს. პლენუმმა უნდა დაადგინოს, რამდენად კონსტიტუციური იყო მელიასთვის პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს საკანონდებლო ორგანომ უფლებამოსილება "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე პირველ ინსტანციაში გამოტანილი განაჩენისთანავე შეუწყვიტა, რაც მელიას შეფასებით არაკონსტიტუციურია, რადგან დეპუტატები შემდეგ ინსტანციებში განხილვას უნდა დალოდებოდნენ. როგორც ნიკა მელია აცხადებს, მას "ქართული ოცნების" დეპუტატებთან ერთად მუშაობის სურვილი არ აქვს, თუმცა სურს, რომ მისი შელახული კონსტიტუციური უფლება აღდგეს:

"არანაირი სურვილი, რომ ვიყო კვლავ იმ ბატონების კოლეგა, რომლებიც არიან წარმოდგენილი "ქართულ ოცნებაში", მე არ მაქვს. უბრალოდ ჩემი კონსტიტუციური უფლება რომელიც შეილახა, როგორც პარლამენტის წევრის, აი ამ შენობაში, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღდგეს,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას უფლებამოსილება აქტიური პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით შეუწყვიტეს:

"ჩვენ სარჩელით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვეთ პარლამენტის უკანონო და კონსტიტუციის მიღმა დადგენილების გაუქმება, რომლითაც ნიკა მელიას აბსოლუტურად არასამართლებრივად შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კერძოდ, პარლამენტმა პოლიტიკური მოტივაციით, პოლიტიკური ლიდერის აქტიური პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით უფლებამოსილება შეუწყვიტა," - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

დღის ამბები