გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე 17 წლის მოზარდის დაკავებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს და აღნიშნული პრობლემები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და პროვოკაციების გზით ჩვენთან ურთიერთობას, რაც არის მიუღებელი. რა თქმა უნდა მშვიდობიანი, პრინციპული ნაბიჯებით, რეფორმებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებით, ჩვენი ინტეგრაციით ნატოსა და ევროპულ სტრუქტურებში შევძლებთ, რომ რუსეთის ოკუპაცია დავასრულოთ ქვეყანაში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, რომ 17 წლის მოზარდი, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს.
"ჩვენ ტანკით ვერ შევალთ ბუნებრივია და ვერ ავტეხავთ ქაოსს. უარესს ვერ დავიმართებთ. მაქსიმალურად ჩართული იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლება," - განაცხადა ქანთარიამ.
17 წლის ბიჭი გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, როცა ტყეში შეშას აგროვებდა. ბავშვის უკანონო დაკავება საოკუპაციო ზოლთან ახლოს მოხდა, მასთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოასწრო, მოზარდი კი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.