დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიშის პრეზენტაცია უკვე დასრულებულია.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი პრეტენზია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინური სხდომების ჩატარების გაჭიანურებას უკავშირდება.
შეხვედრის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ დოკუმენტის შინაარსს არ იცნობს, თუმცა პრეტენზია სწორედ ამ სხდომების ჩატარების გაჭიანურებას და გადავადებას უკავშირდება.
არამოსამართლე წევრის განცხადებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ შემუშავებული დასკვნების განხილვა აზრს კარგავს, როდესაც მოქალაქეების საჩივარზე საბოლოო შედეგი არ დგება.
ჯანეზაშვილის ინფორმაციით, ბოლო ასეთი სხდომა 2019 წლის 13 მარტს გაიმართა და ამის გათვალისწინებით ამბობს, რომ ინსპექტორის სამსახურის მუშაობა აზრს კარგავს, თუ წლების განმავლობაში მოქალაქეების საჩივრებზე რეაგირება არ მოხდება.
"ორივე ადამიანი, ანუ წინამორბედი ქეთევან ცინცაძე და ეს ადამიანი - აზნაურაშვილიც არის ჩინჩალაძის პროტეჟე, შესაბამისად, არ იყო არც ქეთევან ცინცაძე დამოუკიდებელი და არც აზნაურაშვილი არის დამოუკიდებელი, ვინაიდან ისინი იცავენ იმ კლანის ინტერესებს, რომლის ხელშიც არის დღეისათვის ძალაუფლება და რომელიც მართავს მთლიანად სასამართლო სისტემას.
არანაირი აზრი არ აქვს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, არც მის აპარატს, როდესაც შედეგი არ დგება ადამიანებისთვის," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.