18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
არც სახელმწიფო გვაქვს, არც სასამართლო... ბრძოლას სტრასბურგში გავაგრძელებთ - თენგიზ კალანდია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია  მისი შვილის მიმართ ცოტა ხნის წინ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

როგორც თენგიზ კალანდიამ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, ოჯახი სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.

თენგიზ კალანდიას თქმით, ზაზა სარალიძემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე.

"სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგში გავაგრძელებთ. საქართველოში არაფრის იმედი არ გვაქვს. ჩვენ არც სახელმწიფო გვაქვს, არც სასამართლო, არც პროკურატურა და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველაფერი განადგურებულია და წყალს აქვს წაღებული. ამ ყველაფერს ან ომი, ან რევოლუცია სჭირდება. არაფერი არ გვეშველება სხვანაირად.

"ევროპულმა საქართველომ" ყველაფერი ქნა. სერგი კაპანაძე მოწმეებს აიძულებდა რომ ტარი ახსენონ. არ არის დღეს სახელმწიფო, სახელწიფო რომ იქნება, ესენი ყველა პასუხს აგებენ. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას," ეშინიათ რომ ისევ მიტინგები არ დაიწყოს.

მე რომ ვეჩხუბე სარალიძეს, მერე გამოვიდა, თქვა რომ 15 წელზე მეტს არ მისცემენო. შეთანხმებულები იყვნენ." - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

დღის ამბები