გიორგი რურუას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა და მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. სასამართლოს სიტყვით მიმართა გიორგი რურუამაც და საქმეში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ.
"დნმ-თან დაკავშირებით წარმოგვიდგინეს, მართალია კანონის დარღვევით, მაგრამ მაინც დასკვნა ამ ბიოლოგიურ ნიმუშზე, მაგრამ რაც შეეხება ანაბეჭდებს და ტანსაცმელთან კვალს, მეტალიზაციის კვალს, ორივე ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს გიორგის მიერ დანაშაულის ჩადენას,“ - განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პროკურორი საქმეში პროცედურულ დარღვევებს გამორიცხავს.
გიორგი რურუა 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დატოვების შემდეგ დააკავეს. სამართალდამცავები მას იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავებიან. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.