თბილისის საკრებულოში საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის მხარდაჭერით საერთაშორისო სამედიცინო და საგანმანათლებლო ღონისძიება Italy-Georgia Medical Conference 2026-ის მთავარი სამეცნიერო ნაწილი გაიმართა.
Italy-Georgia Medical Conference 2026 საქართველოში იტალიის საელჩოს პარტნიორობით მიმდინარეობს, რაც საქართველოსა და იტალიას შორის პროფესიული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის პრეზიდენტი ქეთევან ხიშტოვანი, თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე სოსო კობახიძე, მოწვეული სტუმრები.
როგორც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, განაცხადა, თბილისის საკრებულოში იტალიისა და საქართველოს სამედიცინო კონფერენციის გამართვა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
"დღეს ჩვენ აქ ვიკრიბებით არა მხოლოდ სამედიცინო ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, არამედ იმისთვისაც, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ საქართველოსა და იტალიას შორის პროფესიული, სამეცნიერო და მეგობრული ურთიერთობები. მადლობას ვუხდი იტალიის საელჩოს საქართველოში, ჩვენს პარტნიორებს, Georgian Pediatric Dermatology Association-სა და Georgia Medical Holding-ს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებისთვის. მჯერა, რომ ეს კონფერენცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს, ახალ პროფესიულ კავშირებს და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენი ორი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებებს. დღეს თბილისი მასპინძლობს საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ შეხვედრის ადგილი სწორედ თბილისის საკრებულოა - სივრცე, რომელიც ჩვენი ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ადამიანებს ემსახურება", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
ღონისძიებაში ქართველი და იტალიელი ექიმები, საკრებულოს წევრები, ჯანდაცვის სამინისტროს და პროფესიული წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.