23 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
"20 ივნისის საქმე" გაიყო - თამლიანი ბრალს არ აღიარებს, დანარჩენებთან შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

20 ივნისის საქმე ორად გაიყო. ბრალდებულები, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ, საპატიმროს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დატოვებენ. 19-დან ერთადერთი დაკავებული რომელიც სახელმწიფო ბრალდებას არ ეთანხმება ბესიკ თამლიანია, მისი პროცესები დღეიდან ცალკე გაიმართება. მისი საქმე გამოეყო კახაბერ კუპრეიშვილის, ზურაბ ბუდაღაშვილის და ცოტნე სოსელიას საქმეს.

ბესიკ თანლიანის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აგრძელებს ბრძოლას და არ აპირებს სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი ბრალის აღიარებას:

"20 ივნისს დაკავებული 19 მომიტინგიდან მხოლოდ ბესიკ თამლიანი რჩება საპატიმროში, ის არ აღიარებს იმ მტკიცებულებებს და ბრალს, რომელიც მის მიმართ არის წარდგენილი. მე დღეს ჩავერთე ამ საქმეში, საქმე არის საკმაოდ მოცულობითი და მოვითხოვე ვადა, რომ გავეცნო საქმეს, მომეცა დაახლოებით 8 დღე, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მისი გამართლებისთვის ბრძოლას," - აცხადებს ადვოკატი ლევან იოსელიანი

დანარჩენმა დაკავებულებმა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდაოდ ცნეს, რაც  მათი საქმის ცალკე გამოყოფის საფუძველი გახდა:

"ჩვენ უდაოდ გავხადეთ ყველა ეს მტკიცებულება, ერთდროულად მოხდა 3 პირზე საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა, რაც შეეხება აღიარებას, ბუნებრივია ეს პოზიცია არ ყოფილა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაფიქსირებული, თუმცა უდაოობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ გამოვიკვლევთ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ,"- განაცხადა ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა.

პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით დაკავებულების მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებების უდაოდ ცნობა საპროცესო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი წინაპირობაა:

"ცალკე გამოიყო ბუდაღაშვილის, კუპრეიშვილის და სოსელიას მიმართ საქმე. რაც შეეხება ბესიკ თამლიანს, იგი არ აღიარებს ბრალდებას და მის მიმართ გრძელდება საქმის არსებითი განხილვა. მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ ადამიანებთან შეთანხმების გაფორმების თაობაზე, მათ უდაოდ ცნეს ყველა მტკიცებულება, აღიარებენ ბრალს,  ეს არის ბუნებრივია შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი წინაპირობა," - განაცხადა ვაჟა თოდუამ.

ბესიკ თამლიანის სასამართლო 6 მარტს გაიმართება. ბუდაღაშვილი, კუპრეიშვილი, სოსელიას სასამართლო სავარაუდოდ 4 დღეში შედგება, რომელზეც მათ სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლებენ.

დღის ამბები