კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა უნგრეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კალიფორნიის შტატში, სადაც გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპულია სულ 11 ადამიანი.
"ამაზონის" და "ფეისბუქის" სიეტლის ოფისების თანამშრომლებს რეკომენდაცია მიეცათ, სახლიდან იმუშაონ. კომპანიებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორივე კომპანიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
გარდაცვალების პირველი ფაქტები დაფიქსირდა ერაყსა და შვეიცარიაში. ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა აზერბაიჯანსა და რუსეთში. კორონავირუსის საფრთხის გამო ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დაიხურება.
საგანგაშო რჩება ვითარება იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში. სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა, დაღუპულია 35 პირი. იტალიაში 3 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო ვირუსმა უკვე 107 ადამიანი იმსხვერპლა. ირანში დაინფიცირების 2 000-ზე მეტი და გარდაცვალების 92 შემთხვევაა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 286-ია, ინფიცირებულია 95 000-ზე მეტი ადამიანი.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარი გამოყო. კორონავირუსთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.