სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობის პროცესი, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გახსნილად გამოაცხადა. მშენებლობას კომპანია "M 2" განახორციელებს.
კახა კალაძემ "M 2 ჯგუფის" მომავალ მობინადრეებს მშენებლობის დაწყება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ მუშაობა სხვა მშენებლობების მიმართულებითაც მიმდინარეობს.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო და დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით.
ამ ხნის განმავლობაში, იყო უამრავი იმედგაცრუება, თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ყოველთვის ვიცოდით და გვჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. ეს საუკეთესო პრეცედენტია. ქალაქში ყველა შეჩერებული მშენებლობის და კომპანიების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების მიმართ ჩვენი მიდგომა ანალოგიური
იქნება - მაქსიმალურად ყველას დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი სახლები დაიბრუნონ. ამ შემთხვევაში, 2 500 ოჯახზეა საუბარი. ბევრი უცხოეთშია წასული და შრომობს, წვალობს, რომ თავიანთი შვილები, ოჯახები არჩინონ. მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ
ჩვენი ჩართულობითა და სახელმწიფოს გვერდზე დგომით, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში, ყველაფერი სრულად იქნება მოწესრიგებული და დაზარალებულ მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი სახლები ექნებათ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მშენებლობების დასრულების მიზნით, "M 2 ჯგუფი" მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და "M 2 ჯგუფის" მიერ სრულად ფინანსდება. "M 2 ჯგუფსა" და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები "სვეტის" დანარჩენ ობიექტებზე ეტაპობრივად განხორციელდება.