საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილი აირჩია.
ირაკლი შატაკიშვილის კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილებას, თანმდევ პროექტებთან ერთად.
საკანონმდებლო ცვლილებით, აღსრულების პოლიციის სამმართველო გარდაიქმნება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად. ამასთან, აღნიშნული დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები – აღსრულების პოლიციელები ისარგებლებენ ადეკვატური შრომის ანაზღაურებისა და სათანადო სოციალური დაცვის სამართლებრივი გარანტიებით.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.