18 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
სად და როგორ გადაადგილდებოდნენ ჩეხი და სლოვაკი ტურისტები - ეპიდემიოლოგები ყველა შესაძლო კონტაქტს ეძებენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან სამს გამოხატული სიმპტომები აქვს.

გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ტურისტებს კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, თავიანთ ქვეყანაში აღმოაჩნდათ.

ეპიდემიოლოგები ახლა იმ პირებს ეძებენ, ვისაც დაინფიცირებულ ტურისტთან შეხება ჰქონდა. 6 კაციანი ჯგუფი საქართველოში 4 მარტს ჩამოვიდა და ქვეყანა 6 დღეში დატოვა. ამ პერიოდის განმავლობაში ტურისტები გუდაურში იყვნენ. მოძრაობდნენ მანქანებით, სავარაუდოდ სრიალებდნენ, სარგებლობდნენ საბაგიროთი და რეგულარულად დადიოდნენ სამთო-სათხილამურო კურორტის ერთ-ერთ პოპულარულ რესტორანში, "მთვრალ ალუბალში". ქვეყნის დატოვების შემდეგ ერთ დღეში, ანუ სავარაუდოდ 11 მარტს, სამშობლოში დაბრუნებულ ჩეხეთის და სლოვაკეთის მოქალაქეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ინფორმაცია დღეს დილით "მთვრალი ალუბლის" ადმინისტრაციამ თავად გაასაჯაროვა. ხელმძღვანელობამ სოციალურ ქსელში, რესტორნის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და ის მოქალაქეები გააფრთხილა, რომლებიც დროის დასახელებულ მონაკვეთში, ამავე დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ირკვევა, რომ "მთვრალ ალუბალში" ჩეხი ტურისტების ყოფნის პერიოდში, სტუმრების გარდა 40-ზე მეტი ადამიანი იყო. მათგან 31 იზოლაციაშია, 11-მა კი დაწესებულება მანამ დატოვა, სანამ უცხო ქვეყნების მოქალაქეების დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას გაიგებდა.

დაწესებულების ორ თანამშრომელს, ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყო. ბარმენი და მიმტანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაღალი სიცხით გადაიყვანეს. მათი ანალიზის პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან ხვალ ელოდებიან.

ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ჩეხეთსა და სლოვაკეთში დაბრუნებულმა ტურისტებმა, რომლებიც მეგობრები არიან, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და საქართველოს საელჩოს თავად მიმართეს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საქართველოში გადაადგილების შესახებ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმის დასადგენად, დამატებით ვისთან ჰქონდათ შეხება დაინფიცირებულებს.

გუდაურში მომხდარი ფაქტი იმ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რომელიც დღეს სპეციალურად შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო. რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი ვადაზე ადრე დაიხურება. ქვეყნის საზღვარი ჩაიკეტა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.

დღის ამბები