18 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
წელიწადნახევრის შემდეგ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ჰყავს - ნინო ქადაგიძემ პოსტი 10 წლის ვადით დაიკავა

წელიწადნახევრის შემდეგ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ჰყავს. ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის ხელმძღვანელი 10 წლის ვადით და მმართველი გუნდის 82 დეპუტატის მხარდაჭერით, ნინო ქადაგიძე გახდა. დამტკიცების შემდეგ, სხდომათა დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა. ახლადარჩეული თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი მთავარი გამოწვევა სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის დაბრუნება იქნება.

კენჭისყრამდე შედგა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც ნინო ქადაგიძემ საკუთარი ხედვა წარადგინა, ისაუბრა მოსამართლეების დამოუკიდებლობის ვალდებულებასა და სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემაზე, მმართველი გუნდის კითხვების უმეტესობაც სწორედ ამ თემას უკავშირდებოდა. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხის საკომიტეტო მოსმენას და შემდეგომ სესიაზე კენჭისყრას ოპოზიცია არ დასწრებია. გედევან ფოფხაძემ ნინო ქადაგიძესთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად კომიტეტზევე დატოვა. გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ კორონავირუსის პირობებში ქადაგიძის დამტკიცების დრო არასწორად შეირჩა.

ნინო ქადაგიძეს არც სხვა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების მხარდაჭერა აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციის წევრები ამბობენ, რომ ქადაგიძის პირობებში უზენაესი სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან ნეიტრალური ვერ იქნება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს კითხვები დღეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმაც დაუსვეს. არასამთავრობოები დაინტერესდნენ, თუ რა გავლენა იქონია სასამართლოს რეპუტაციაზე პროცესებმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას უკავშირდებოდა.

მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ ახსნეს, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ შერჩეულა.

პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაუგზავნა, ის იმ მოსამართლეთა 10-კაციან სიაშიც იყო, რომელმაც პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ნინო ქადაგიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე შეცვალა და ეს პოსტი 10 წლის ვადით დაიკავა.

დღის ამბები