19 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
რომის პაპი ქრისტიანებს ლოცვისკენ მოუწოდებს - რა შედეგები მოუტანა COVID 19-მა  მსოფლიოს

თითქმის 319 ათასი ინფიცირებული და 13 ათასზე მეტი დაღუპული - ასეთია მსოფლიოს მასშტაბით COVID 19-ის გავრცელების შედეგების სტატისტიკა. COVID 19-მა 188 სახელმწიფოში შეაღწია. ყველაზე მძიმე ვითარება იტალიაშია, სადაც გარდაცვალების 5 ათასამდე და ინფიცირების 54 ათასამდე დადასტურებული შემთხვევაა. 

ამ ფონზე, რომის პაპი ფრანცისკე გამოდის ინიციატივით, რომ 25 მარტს ყველა ქრისტიანული თემის და კონფესიის წარმომადგენელმა შუადღის 12 საათზე წარმოთქვას ლოცვა "მამაო ჩვენო". ფრანცისკე ამბობს, რომ პანდემიას ქრისტიანებმა ერთიანი ლოცვით უნდა უპასუხონ. ლოცვას რომის პაპი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე 27 მარტსაც აღავლენს.

აზიაში ვირუსის გავრცელებამ იკლო, თუმცა ევროპა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ კიდევ 400-ით მოიმატა. ამის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 2 კვირით გაგრძელდება. საერთო ჯამში, ესპანეთში კორონავირუსი 29 000 პაციენტს დაუდგინეს, ხოლო გარდაიცვალა 1900-მდე ადამიანი. 

სერბეთში, ამ დროისთვის, კორონავირუსით 188 ადამიანია ინფიცირებული. დაფიქსირებულია გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა.

გერმანიაში, ამ დროისთვის, ვირუსის 23 000-ზე მეტი მატარებელია. გარდაიცვალა 93 ადამიანი. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს პანიკას ებრძოლოს. მაგალითად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მაღაზიაში ხელთათმანის და პირბადის გარეშე დადის.

უსაფრთხოების ზომები არ დაიცვა საბერძნეთში ერთ-ერთმა მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა. მიტროპოლიტ სერაფიმეს დაკავების მიზეზი კუნძულზე აკრძალული ღვთისმსახურების ჩატარება გახდა. საქმე განსახილველად პროკურატურას გადაეგზავნა.

რაც შეეხება სლოვაკეთს, ახალმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრის იგორ მატოვიჩის ხელმძღვანელობით, პრეზიდენტის წინაშე ფიცი ერთჯერადი ხელთათმანებით და პირბადით დადო.

ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია საქართველოს სამეზობლოში. სომხეთში კორონავირუსს 190 ადამიანი ებრძვის. აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, COVID 19 306-ს ადამიანს აღმოაჩნდა. თუმცა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კრემლი მონაცემებს აყალბებდეს და რეალურ სურათს მალავდეს. რაც შეეხება თურქეთს - აქ ინფიცირების 947 და გარდაცვალების 21 შემთხვევაა რეგისტრირებული. 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ქუჩებში გასვლა ეკრძალებათ.

ინფიცირების მაჩვენებელმა იმატა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 27 000-სს გასცდა. ქვეყენაში COVID 19-ის გარდაცვალების 348 შემთხვევაა დადასტურებული. შტატებში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყნის პრეზიდენტი მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც პენსი მეუღლესთან ერთად ტესტის ჩატარებას აპირებს.

მსოფლიოს დასახმარებლად შეერთებული შტატების შეთავაზებას არ იღებს ირანი. ქვეყნის სულიერი ლიდერი ამერიკას ვირუსის შექმნაში ადანაშაულებს. სიტუაცია კი ქვეყანაში დღითი დღე უარესდება. ირანში მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები მუშაობენ. ქვეყანაში დაინფიცირების 20 ათასი და გარდაცვალების თითქმის 2 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული.

ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში სტატისტიკის გაუმჯობესების ტენდენციაა შენარჩუნებული. თუმცა, სამხრეთ კორეაში იმპორტირებული შემთხვევების მაინც ეშინიათ.

რაც შეეხება ჩინეთს - დღე ღამის განმავლობაში, 6 ფატალური და დაინფიცირების 46 შემთხვევა დარეგისტრირდა.

საერთო ჯამში, სურათი მსოფლიოს მასშტაბით ასე გამოიყურება: ინფიცირებულია თითქმის 310 000-მდე ადამიანი. 31 დეკემბრიდან დღემდე გარდაიცვალა 13 000-ზე მეტი. რაც შეეხება მათ, ვინც COVID 19 დაამარცხა - ასეთი სულ 96 606 ადამიანია.

დღის ამბები